ენმ-ს დეპუტატების შიმშილობა

პაპუაშვილი წითლიძეზე: ერთადერთი, რასაც შეიძლება მიაღწიოს, ჯანმრთელობის დაზიანებაა

ანი წითლიძე და შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანი წითლიძე მოინახულა, რომელიც მე-12 დღეა, შიმშილობს. პაპუაშვილი წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც შეიძლება, ამ ქმედებით წითლიძემ მიაღწიოს, არის ის, რომ საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანოს.

"შიმშილობა ის ფორმა არ არის, რომლითაც სახელმწიფოს უნდა ესაუბრო და გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვო. რა თქმა უნდა, თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. ჩვენ სხვა დეპუტატების მაგალითზე, რომლებმაც შიმშილობა შეწყვიტეს, ვნახეთ, რომ ისინი თითქმის იმ ზღვარზე მივიდნენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა დაეზიანებინათ. ამიტომ, ექიმების დაჟინებული რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტეს. ვფიქრობ, ექიმების რეკომენდაცია ასევე არის, რომ ანი წითლიძემაც შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ერთადერთი, რასაც ახლა მან შეიძლება მიაღწიოს, არის ის, რომ ჯანმრთელობა გრძელვადიანად დაიზიანოს". - ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, ის ექიმებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ ამჟამად, ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ შესაძლოა, ამის იქით ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება დადგეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ანი წითლიძეს მისმა თანაგუნდელებმაც სთხოვონ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მდგომარეობა უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ შეიძლება, ამის იქით, ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება დადგეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს". - განაცხადა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ 15 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. 16 დეკემბერს კი მათ პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა და ამჟამად შიმშილობას მხოლოდ ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე აგრძელებს. 

კომენტარები