ნიკა გვარამია

დეგნანი: გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისიდანვე იყო და კვლავ რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებებთან კითხვები დასაწყისიდანვე იყო და კვლავ რჩება. მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე.

"ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხება. ასეთი იყო ჩვენი კომენტარები დასაწყისიდანვე და მაშინაც, როცა განაჩენი გამოუტანეს". - აღნიშნა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

დეგნანის თქმით, სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი იყო. ელჩი, ასევე, შეეხო პოლარიზებულ გარემოს, სადაც "მედიასივრცე შევიწროვდა", ამიტომ, დეგნანის განმარტებით, აუცილებელია საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს. 

"როგორც ჩანს, სასჯელი არაპროპორციულად მკაცრი იყო, ბრალდებებთან მიმართებაშიც კი. ვფიქრობ, ეს კითხვები რჩება და ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიასივრცე შევიწროვდა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე. ჟურნალისტებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი საქმის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანია, მედიასივრცე იყოს ძლიერი, მათ შორის საქართველოში". - ამბობს ელჩი.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის  220-ე მუხლის ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები