თურქეთი

თურქეთში შეფერხებული ნავთობტანკერები რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს აბრკოლებენ – Reuters

Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობტანკერების გადაადგილების შეზღუდვა ხელს უშლის საერთაშორისო გეგმას, რომლის მიზანი რუსეთისთვის ომის პერიოდში ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შემცირებაა. Tribeca-ს გადაზიდვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებიდან გასვლას რიგში მდგომი 28 ნავთობტანკერი ელოდება. 

პრობლემა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს უკავშირდება, რომლის მიზანი ნავთობის ფასების ზრდის გარეშე რუსული ნავთობის ნაკადის შენარჩუნება და მოსკოვის შემოსავლების შემცირება იყო. ამასთან, რუსული ნავთობის მატარებელ გემებს ევროპელი მიმწოდებლებისგან დაზღვევასა და სხვა სერვისებზე წვდომა ეკრძალებათ, თუ ნავთობი ბარელზე $60-ზე ნაკლებად ფასად არ გაიყიდება.

დაწესებული ფასის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, ანკარამ უარი თქვა თვის დასაწყისში ამოქმედებული დაზღვევის ინსპექტირების ახალი წესის გაუქმებაზე. საზღვაო უწყების განმარტებით, თურქეთი მისსავე ტერიტორიულ წყლებში არ დაუშვებს ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟი სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას არ წარმოადგენს. ამის მიზეზი დაუზღვეველი გემების მიერ ნავთობის შესაძლო დაღვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ეჭვებია

"გამორიცხულია, რომ სადაზღვევო კომპანიის საკომპენსაციო პასუხისმგებლობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული რისკი ჩვენ თავზე ავიღოთ". – თქვა თურქეთის ოფიციალურმა პირმა. 

თურქეთის მთავრობის ცნობით, სრუტესთან მდგომი გემების უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებს ეკუთვნის და გეზი ევროკავშირის პორტებისკენ ჰქონდათ, რაც ანკარას დასავლელი მოკავშირეების იმედგაცრუების ერთ-ერთი ფაქტორია. 

გემების მოძრაობის შეზღუდვა ნავთობისა და ტანკერების ბაზრებზე უსიამოვნების გამოწვევის მიზეზია. რუსეთის პორტებიდან თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ხმელთაშუა ზღვაში დღეში მილიონობით ბარელი ნავთობი იგზავნება. 

Reuters-ის ინფორმაციით, ბოსფორის სრუტესთან მყოფ ტანკერების უმეტესობას ყაზახეთის ნავთობი გადააქვს. სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია ვერ ხედავს მიზეზს, ამ ტიპის გადაზიდვები თურქეთის ახალ მოთხოვნებს რატომ უნდა დაექვემდებაროს.

კომენტარები