ინდონეზია

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი აიკრძალა – ცვლილებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეები

ინდონეზიაში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მას გარდა, კოდექსში შესატანი ცვლილებები დაუქორწინებელ წყვილთა თანაცხოვრებას, პრეზიდენტის შეურაცხყოფას და ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულების გამოხატვას კრძალავს.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება ამ კვირაში დამტკიცდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკითხს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განიხილავენ და ტურისტებს აფრთხილებენ, რომ ინდონეზიაში მოგზაურობის დროს მათ ერთწლიანი პატიმრობის საფრთხე ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუკი სქესობრივი კავშირის ან იმ ადამიანთან თანაცხოვრების პროცესში დაიჭერენ, ვისთანაც ქორწინებაში არ არიან.

ინდონეზიელებისთვის "სექსის აკრძალვა" ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილება არ არის - ადგილობრივები კოდექსის სხვა სფეროების გაუმართაობაზეც საუბრობენ, რომელიც, ინდონეზიელთა უმრავლესობის აზრით, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შეუქმნის საფრთხეს.

ინდონეზიამ სამართლებრივი სისტემა ჰოლანდიის კოლონიური მმართველობიდან მემკვიდრეობით მიიღო. მომდევნო თაობებს სურდათ, სამართლებრივი სისტემა შეეცვალათ და ქვეყნისთვის უფრო რელევანტური გაეხადათ. პროექტი პარლამენტს სამი წლის წინ წარედგინა, თუმცა იმ პერიოდშიც პროტესტი გამოიწვია. 

კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია ამ ცვლილებების მომზადებაზე, განაცხადა, რომ შესწორებული კოდექსი შეიცვალა საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესაბამისად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კანონები სამი წლის განმავლობაში არ ამოქმედდება და მათი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება შესაძლებელი. 

მაგრამ ცვლილებები კვლავ აწუხებს ბევრ ინდონეზიელს. განსაკუთრებით კი ინდონეზიის სექსუალურ და გენდერულ უმცირესობას, რადგან მათ ქორწინების უფლება არ აქვთ.

ასევე, საუბრობენ ამ დებულების ბოროტად გამოყენების რისკზე პირადი შურისძიების დროს - გაუცხოებული ოჯახის წევრების ან ულტრაკონსერვატიული ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ ეგუებიან თავიანთი შვილების ცხოვრების წესს.

”ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიისკენ სუჰარტოს დიქტატურის დაცემის შემდეგ და ახალი სისხლის სამართლის კოდექსი საფრთხეს უქმნის ამ პროგრესს". - თქვა ევა სუნდარიმ, პარლამენტის ყოფილმა წევრმა. 

ახალი კოდექსი დანაშაულად აქცევს პრეზიდენტის ან ვიცეპრეზიდენტის შეურაცხყოფას, რაც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ორი თანამდებობის პირი შეიტანს საჩივარს. 

უფლებადამცველმა ჯგუფებმა გამოავლინეს 17 მუხლი, რომელიც, მათი აზრით, 1990-იან წლებში დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემდეგ მოპოვებულ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

ანდრეას ჰარსონო, Human Rights Watch-ის ინდონეზიელი მკვლევარი, ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა “ცოცხალ კანონშია”, რაც შემდეგს გულისხმობს: ინდონეზიის ადათი, რომელიც დღესაც განსაზღვრავს სოციუმში არსებულ წესებს, უნდა გაერთიანდეს ოფიციალურ სისხლის სამართლის კოდექსთან, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი შეუთავსებლობები.

„ეს არის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაწილი. ის არ არსებობდა ძველ კოდექსში. ცოცხალი კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ვიწრო რელიგიური ან ჩვეულებითი პრაქტიკის განსახორციელებლად, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა ქორწინება, ჰიჯაბის სავალდებულო წესები ან მრავალცოლიანობა...

ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწის მიტაცებისთვისაც. ინდონეზიის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი კოალიცია აპროტესტებს ამ ცვლილებას, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ის წაართმევს მათ ტრადიციულ დავის მექანიზმებს". - თქვა ანდრეა ჰარსონომ.

კომენტარები