დონალდ ტრამპი

ტრამპის ორგანიზაცია ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

დონალდ ტრამპი

ტრამპის ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ს ყოფილი, 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლომ საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.

მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია 15-წლიანი თაღლითობის საქმეში ყველა ბრალდებაში, მათ შორის საგადასახადო სისტემის მოტყუებასა და ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებაში დამნაშავედ ცნეს, კომპანიას $1.6 მილიონით დაჯარიმება ემუქრება. საქმეში ბრალი არ აქვს წაყენებული თავად ტრამპს.

მოსამართლე ხუან მერჩანი განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს.

მართალია ჯარიმა ტრამპის ორგანიზაციისთვის დიდ თანხას არ წარმოადგენს, თუმცა, შესაძლოა, განაჩენმა კომპანიას ბიზნესსაქმიანობა გაურთულოს.

საქმეში მთავარი ბრალდებული ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალან ვაისელბერგი იყო, რომელმაც ბრალი აღიარა და კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მას 5-წლიანი პატიმრობა და არადეკლარირებული შემოსავლების - $1.7 მილიონის გადახდა მოუწევს.

დონალდ ტრამპი აპირებს, რომ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. 

ამას გარდა, ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის მიერ აღძრული საქმეც ემუქრება, რომელიც ეხება მის შვილებსა და ბიზნესებს და სასამართლო პროცესი 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება. თუ ტრამპი საქმეს წააგებს, დაკისრებულმა ჯარიმამ შესაძლოა $250 მილიონს მიაღწიოს.

კომენტარები