რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს" – პუტინმა რუსი სამხედროების დედებს მიმართა

AP

"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს". - უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი და დაღუპული რუსი სამხედროების დედებს. 

"ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას". - თქვა პუტინმა. მისი მიმართვა რუსული სამთავრობო მედიით გადაიცემოდა.  

შეხვედრაზე პუტინმა მის რეზიდენციაში 17 მშობელს უმასპინძლა. მშობელთა ნაწილს მუქი ფერის თავსაბურავი, გლოვის სიმბოლო ეკეთა. მან ერთ-ერთ მშობელს უთხრა, რომ მისმა შვილმა "მიზანს მიაღწია" და "ტყუილად არ მომკვდარა".

რამდენიმე დედა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, კრემლის პოლიტიკის მომხრეა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი შეხვედრისთვის სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. რუსი ჯარისკაცების დედები ამბობენ, რომ მათ შვილებს ბროლაში ცუდად გაწვრთნილებს, ადეკვატური იარაღისა და ტანსაცმლის გარეშე აგზავნიან - ეს პრობლემაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკაცრი ზამთარი ახლოვდება.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მას სურდა დედებთან პირისპირ შეხვედრა, რათა მათგან მოესმინა არსებული ვითარების შესახებ. მისივე სიტყვებით, დროდადრო პირადად ესაუბრებოდა რუს ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე და მათ "გმირებად" მოიხსენიებდა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ქალებს მოუწოდა, არ დაუჯერონ ტელევიზორში ან ინტერნეტში ომის შესახებ გავრცელებულ "ყალბ" ინფორმაციებს. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უკრაინაში ვითარების შესახებ დაბალანსებული სიახლეების მიღება რთულია მედიაზე კრემლის კონტროლის გამო, ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ვირტუალური კერძო ქსელი (VPN) ცენზურისთვის გვერდის ასავლელად.

როგორც ჩანს, პუტინის დედებთან შეხვედრა კრემლის მცდელობაა, დაარწმუნოს რუსები, რომ მათი პრეზიდენტი ზრუნავს ჯარისკაცებზე - პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრისა და მის ტერიტორიაზე ოკუპანტების გაგზავნის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ცდილობს, კრემლის მზრუნველ ლიდერად წარმოჩინდეს.  

ბოლო თვეების განმავლობაში, ბრძოლის ველზე მარცხების შემდეგ, რუსეთს, მათ შორის, ადანაშაულებენ იმაშიც, რომ სამხედროებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. 

როგორც ამერიკელი გენერალი მარკ მილი ამბობს, დაახლოებით, 100 000 რუსი და 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ. როგორც კრემლმა სექტემბერში აღიარა, არმიის რეზერვისტების მობილიზების პროცესში შეცდომები დაუშვეს. 

კომენტარები