აშშ-ჩინეთი

ბაიდენი: ჩინეთთან შეჯიბრს გავაგრძელებთ, თუმცა ახალი ცივი ომი არ იქნება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის "ახალი ცივი ომი" არ იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან, სინ ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"ჩვენ აქტიურად შევეჯიბრებით, მაგრამ მე კონფლიქტი არ მსურს. მე ამ კონკურენციის მართვა პასუხისმგებლიანად მსურს. მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა ქვეყანა ემორჩილება საერთაშორისო წესებს და სინ ძინპინთან სწორედ ეს საკითხი განვიხილე". - თქვა ბაიდენმა.

ასევე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეის საკითხი, ისევე როგორც რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

პრესკონფერენციის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სინ ძინპინმა კი აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის მთავარ ინტერესის სფეროდ და აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში წითელ ხაზად რჩება, თუმცა მათ შორის შეთანხმება შესაძლებელია.

"ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები არ უნდა იყოს ნულოვანი ჯამის თამაში, სადაც თუ ერთი ამაღლდება, მეორე დაეცემა. დედამიწას თავისუფლად შეუძლია როგორც ჩინეთის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების დატევა". - თქვა სინ ძინპინმა.

ხოლო ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, განსხვავებების მიუხედავად, ორი ლიდერი ისეთი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდა, სადაც ძირითადი საკითხები მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებებისა და დიალოგის საშუალებით გადაწყდება. მეტიც, ბაიდენის ცნობით, მალე ჩინეთს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ეწვევა.

როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-სა და ჩინეთს შორის მთავარ გადაუჭრელ პრობლემად კვლავ ტაივანის საკითხი რჩება. ტაივანის გარშემო სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 აგვისტოს, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები