Meta

META 11 000-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის თქმით, კომპანია თანამშრომლების 13%-ს, ანუ 11 000-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს. კომპანია, რომელიც ფლობს Facebook-ს, WhatsApp-სა და Instagram-ს, ახალი ვაკანსიების გამოცხადებას პირველი კვარტლის შემდგომი პერიოდიდან გეგმავს. ამის შესახებ ზაკერბერგი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომელიც კომპანიის ვებსაიტზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა. 

წერილში ნათქვამია, რომ ხარჯების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება დიდწილად გამოწვეულია არასწორი მოლოდინების გამო. Covid-ის დაწყებისას მსოფლიო ონლაინ კომუნიკაციასა და მუშაობაზე გადაერთო, რამაც ელექტრონული კომერციისა და შემოსავლების ზრდა გამოიწვია. თუმცა, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოლოდინი, რომ ეს პროცესი პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდებოდა, არ გამართლდა. შესაბამისად, ამ მოლოდინის პარალელურად გაზრდილი ინვესტიციები არაეფექტური გადაწყვეტილება აღმოჩნდა. პანდემიამდელ ტენდენციებს დაუბრუნდა ონლაინ კომერცია. მაკროეკონომიკური ვარდნა, გაზრდილი კონკურენცია და ციფრული რეკლამის ბაზრის შემცირება კომპანიის მიმდინარე ფინანსური დაღმასვლის მიზეზებია. 

“ამ გადაწყვეტილებასა და ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ვიცი, რომ ეს ყველასთვის რთულია და განსაკუთრებით ვწუხვარ დაზარალებულების გამო”. - ამბობს ზაკერბერგი. 

Meta-ს აქციების ღირებულება მიმდინარე წელს 70%-ზე მეტით შემცირდა. ფინანსურმა დაღმავლობამ განაპირობა ხარჯების შემცირების აუცილებლობა. საკადრო შემცირების გარდა, კომპანია გეგმავს ინფრასტრუქტურული ხარჯების შეკვეცას, ზოგიერთ თანამშრომელს მოუწევს ერთ სამუშაო სივრცეში მუშაობა და, ამასთან, კომპანია გარკვეულწილად შეამცირებს უძრავი ქონების სფეროში მუშაობას. 

ზაკერბერგის თქმით, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია დამატებითი ცვლილებები, ხარჯების შემცირების თვალსაზრისით. 

Meta-ს აქციების ფასი ოთხშაბათ დილით, ანუ როდესაც ზაკერბერგმა თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა, 7.7%-ით გაიზარდა. 
 

კომენტარები