ჟერარ პიკე

პიკე საფეხბურთო კარიერას ასრულებს

კატალონიის ბარსელონას ესპანელი მცველი, ჟერარ პიკე საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ის კლუბის შემადგენლობაში ბოლო მატჩს 5 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ნოუ კამპის სტადიონზე ალმერიას წინააღმდეგ გამართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პიკემ სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაავრცელა.

"ბევრი თქვენგანის მსგავსად, ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი. პატარაობიდანვე მინდოდა, რომ ამ გუნდის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ბარსელონამ ყველაფერი მომცა და შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობის ყველა ოცნება ამისრულდა. ახლა კი მსურს, გაცნობოთ, გადავწყვიტე, რომ დროა, ეს მოგზაურობა დასრულდეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონას შემდეგ არცერთ სხვა გუნდში არ ვითამაშებდი და ეს დროც დადგა. შაბათს ბარსელონას შემადგენლობაში ბოლო მატჩს ვითამაშებ. ამ გუნდის მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას გავაგრძელებ. ადრე თუ გვიან, მე დავბრუნდები, დიდება ბარსელონას!". - ამბობს პიკე გავრცელებულ ვიდეოში.

პიკემ ბარსელონას შემადგენლობაში 396 მატჩი გამართა. გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგის მოგება 3-ჯერ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატის ტრიუმფატორობა 8-ჯერ მოახერხა. ბარსელონასთან ერთად მან ასევე არაერთხელ მოიგო ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. სხვადასხვა დროს პიკეს მანჩესტერ იუნაიტედისა და სარაგოსას რიგებშიც უთამაშია.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას. პიკემ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 102 მატჩი გამართა. ნაკრებთან ერთად ის 2010 წელს მსოფლიო, ხოლო 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. პიკე 2011 წელს ესპანეთის სამოქალაქო ჯილდოს, სპორტის ღირსების სამეფო ორდენის მფლობელიც გახდა.

კომენტარები