დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა ბაქოსთან ურთიერთობა რუსეთის შეთავაზებული წინადადების საფუძველზე აღადგინოს.

"სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე მუშაობას და მზად არის ამის სოჭში დასადასტურებლად. იმედი გვაქვს, რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს". – თქვა ფაშინიანმა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა შესაძლოა სოჭში გამართულიყო. შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში პრაღაში გაიმართა ოთხმრივი შეხვედრა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, 2023 წლამდე გაფორმებულიყო.

კომენტარები