თბილისის მერია

მშობლების და მწვრთნელის თქმით, აუზში ბავშვები მოიწამლნენ, რასაც კალაძე ტყუილს უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე "სამარცხვინო და მიზანმიმართულ ტყუილს" უწოდებს ორი მწვრთნელისა და რამდენიმე მშობელის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპორტულ ცენტრ იმედის აუზში "ათეულობით ბავშვი" მოიწამლა. თბილისის მერის თქმით, ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება და დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა. მისი მტკიცებით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა. კალაძის შეფასებით, "კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას".

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც, მთავარი არხის ინფორმაციით, ბავშვებით სავსე აუზში ადმინისტრაცია ქლორს ამატებს, თბილისის მერის მტკიცებით, ვიდეო ზაფხულშია გადაღებული და მასში ასახულია არა ქლორის დამატების, არამედ, სინჯის აღების პროცესი.

"ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ჩატარდა ორი კომპლექსური კვლევაც.

"ყველაფერი აბსოლუტურად ნორმაშია და პრობლემას არაფერი წარმოადგენს“, -ამბობს თბილისის მერი.

კახა კალაძის მტკიცებით, სპორტული ცენტრის კონკრეტულმა თანამშრომლებმა "სიცრუე მიზანმიმართულად გაავრცელეს" და ადამიანების შეცდომაში შეყვანა სცადეს.

"ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა ვისაუბრო იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა მოგვარდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება სამარცხვინო და სამწუხაროა, მაშინ, როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტი, შესაბამისის სამსახურები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას გასცენ კომპეტენტური პასუხი. რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და თქვენ დღის წესრიგში ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა, მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ყოველთვის მივაწოდო საზოგადოებას სიმართლე. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას“, - ამბობს თბილისის მერი. 


25 ოქტომბერს სპორტული ცენტრის იმედის აუზის ერთერთმა მწვრთნელმა და რამდენიმე მშობელმა საპროტესტო აქცია გამართა და განაცხადა, რომ "ათეულობით ბავშვი" სავარაუდოდ ქლორით მოიწამლა. მწვრთნელის ნინო ქავზიანიძის თქმით, "650 ლარის ეკონომია გაკეთდა ქლორზე და ძალიან მოვიწამლე". მისი მტკიცებით, აუზს უხარისხო სადეზინფექციო საშუალებებით ასუფთავებენ.

"არავინ არ გამოასწორა ეს საკითხი, უკვე მეორედაც რომ მომივიდა და ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ იწამლებოდნენ ბავშვები და არ შეიძლება ამის სუნთქვა... რეაგირება არ იყო. შემდეგ, მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მეორე მწვრთნელის ყველა ბავშვი, რადგან კარი იყო დახურული, მე რომ შევედი და იგრძენი, რომ არის ქლორი, კარი გავაღე, ჩემი ბავშვებიდან მოწამლულია ექვსი". მისივე ცნობით, ბავშვები სახლებში მკურნალობდნენ.

"მე ძალიან მძიმედ ვიყავი, ვიდეო დამადებინა დედაჩემმა, ყველა მშობელს მივმართე, სასრაფოდ ალერგიული რეაქცია ექნებათ ბავშვებს და მიაღებინეთ პრეპარატები თქო. დამიწყეს რეკვა, ზოგს ხველა ჰქონდა, ზოგს თვალები სტკიოდა. ალერგიული ფონი იყო და დღეს 21-ე საუკუნეა, ინჰალაცია და ის ყველას სახლში აქვს" - უთხრა ქავზიანიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კიდევ ერთი მწვრთნელის, ია ოხატის თქმით, "თითქმის ყველა ბავშვია მოწამლული მწვრთნელებთან ერთად".-

"ჩვენ ვიყავით სამშაბათს მოსულები და ნინომ [მწვრთნელმა] თქვა, რომ ძალიან ცუდად ვარ, თავბრუ მეხვევა, ყელში სპაზმი მაქვსო ბოლო გაკვეთილების დროს საშინელი სუნიც იყო, კარი გააღო და მაგით გადავრჩით" - ამბობს ერთერთი მშობელი, ნია ბაღდავაძე მთავარ არხთან.

კიდევ ერთი მშობლის, თამარ გიორგობიანის თქმით, მისმა ორი შვილმა მიიღო ინტოქსიკაცია.

"პარასკევს დედამთილმა მოიყვანა ორი უსიმპტომო, ჯანმრთელი ბავშვი, რომ გამოვიდნენ, დამირეკა, ბავშვებს საშინელი ხველა აქვთ, ვერ ვუჩერებო. ვიფიქრე, გაცივდნენ თქო. ვერ წარმოვიდგენდი... მე დექსამეტაზონი შეიძლება არ დამჭირდა, მაგრამ სხვა მშობლებს დასჭირდათ" - ამბობს ის. 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას მტკიცებით, ბავშვების დიაგნოზი არ დასტურდება, მწვრთნელი კი, ალერგიულია. 

"ბავშვებს არცერთ კლინიკაში არ გაუვლიათ რეგისტრაცია, არც სასწრაფოში არ ფიქსირდება ზარი, გვინდოდა, დაგვედგინა, დიაგნოზი და წყლის მდგომარეობა ერთმანეთთან კავშირში იყო თუ არა, ასეთი რამ არ დასტურდება. რაც შეეხება ტრენერს, რომელიც ამბობს, რომ ავად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, ეს ადამიანი გახლავთ ინდივიდუალურად ალერგიული" - ამბობს გვილავა.

კომენტარები