ირაკლი ხახუბია

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს

ირაკლი ხახუბია

ქართული ოცნების დეპუტატი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. 

ირაკლი ხახუბიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო.


2017 წლის 16 მაისს ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გორთან დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია პოლიციის მოთხოვნას შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, შემდეგ მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ბექა ხახუბია გორის გვირაბთან ტრაილერს დაეჯახა, რომელიც დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენა.

"ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას" - წერდა დეპუტატი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. სასამართლომ საპატრულო პოლიციის ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორს პატიმრობა შეეფარდა - ზურაბ რუსიშვილს – 1.5 წლით, გია სადაღაშვილს კი – 2.5 წლით.

კომენტარები