კულტურის სამინისტრო

წულუკიანის საკადრო წმენდისას გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო მოიგო – SCJ

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ 26 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

"ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა – გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა". – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

SJC წერს, რომ გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ "მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ".

კულტურის სექტორში მასობრივი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში ამ ეტაპზე არის ამ ტიპის 10 საქმე, რომელთაგან მხოლოდ ორზეა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კომენტარები