რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეს სასოწარკვეთილი ტაქტიკაა – სახდეპი პუტინის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე

AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის 4 ანექსირებულ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა.

"არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს, ან რას აკეთებს კრემლი - ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპორიჟია უკრაინის სუვერენული ტერიტორიებია". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა.

19 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ის დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ გაეგზავნება ფედერაციულ საბჭოს, გადაწყვეტილების მიღების შესახებ კი ინფორმირებულია სახელმწიფო დუმა". – თქვა პუტინმა.

ამის შესახებ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებებზე და აგრძელებს ამ რეგიონებზე იერიშების მიტანას.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში გამოცხადებული ჰქონდათ საომარი მდგომარეობა რუსეთის მიერ უკანონო ანექსიამდე.

პუტინმა არსებულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა რუსეთის ყველა რეგიონის მეთაურს.

პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარ სამმართველოს ევალება სამი დღის ვადაში წარადგინონ მისაღები ზომების წინადადებები.

პუტინმა სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის რეგიონებში უნდა შეიქმნას ტერიტორიული თავდაცვის შტაბები.

კომენტარები