დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

გასულ საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ სროლები იყო

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

გასულ საათებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს. ბაქო და ერევანი შეტაკებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

9 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, ცეცხლი გახსნეს 9 ოქტომბრის დილისაც, ლაჩინის რაიონის მიმართულებით.

საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 9 ოქტომბრის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლსასროლი და სახვადასხვა კალიბრის იარაღებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. სომხეთის ინფორმაციით, მათ საპასუხო ქმედებები მიიღეს. სომხეთის თავდაცვა აზერბაიჯანის ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 10 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, სროლა გაგრძელდა 9 ოქტომბრის საღამოსაც, როცა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათი ოთხი პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ბაქოს ინფორმაციით, მათ საპასუხო ზომები მიიღეს.


15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

კომენტარები