დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს, ბაქო გამოძიებას იწყებს

კადრი ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ომის ტყვეების დახვრეტაა ასახული

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს

გასულ დღეებში ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ომის ტყვეების დახვრეტაა ასახული. კადრებთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, არამ ტოროსიანმა თქვა, რომ მათ ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. 

"ამჟამად არ შეგვიძლია გავავრცელოთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ადგილსა და დროზე, ახლა შესაბამისი ორგანოები ვიდეოს სწავლობენ. ვფიქრობთ, მათ სიყალბეზე ეჭვი არ არსებობს, ეს ხელწერა დამახასიათებელია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ხელწერა ცნობილია ჩვენთვისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის წინა მსგავსი შემთხვევების უტყუარი მტკიცებულებებით". – თქვა სომხურ მედიასთან არამ ტოროსიანმა. 

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მისაცემად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

"სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი საშინელი ვიდეო გავრცელდა: სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროები სომეხი სამხედრო ტყვეების ჯგუფს თვითნებურად სჯიან სიკვდილით. საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს და გადახედოს ამ ომის დანაშაულს და მიიღოს საპასუხო ზომები, რათა აზერბაიჯანის აგრესია შეჩერდეს... სომხეთი გამოიყენებს ყველა მისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს გამოძიებისა და პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად". – თქვა ფაშინიანმა. 

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

კომენტარები