დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია არ განმუხტულა, კვლავ ცეცხლი გახსნეს

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

გასულ დღეებში საზღვარზე ცეცხლის გახსნის შემდეგ მსგავსი ინციდენტები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 6-7 აპრილსაც გაგრძელდა. მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 7 აპრილის გამთენიისას გაავრცელა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 6 აპრილს 18:30-დან 22:05-მდე სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს უხსნიდნენ მათ პოზიციებს, რომლებიც განთავსებულია ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში. განცხადების მიხედვით, ცეცხლი ამ შუალედში 16-ჯერ გახსნეს და მიიღეს შესაბამისი "ადეკვატური ზომები".

საპირისპიროდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაავრცელეს ცნობა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცეცხლს ხსნიდნენ მათი პოზიციების მიმართულებით 6 აპრილის 22:45-დან 7 აპრილის 00:25-მდე, კერძოდ სიუნიქისა და გეღარქუნიქის პროვინციების მიმართულებით. ამავე განცხადებით სომხეთმა პასუხი გასცა ბაქოს სამხედრო უწყების რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნებულ ცნობას და თქვეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 18:30-22:05-ის შუალედში ცეცხლის გახსნა არ შეესაბამება რეალობას და სიცრუეა.

7 აპრილის საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ცნობა გაავრცელა. ირწმუნებოდნენ, რომ 17:15-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონი შახბუზის მიმართულებით, რის პასუხადაც "ადეკვატური ზომები" მიიღეს. სომხეთის თავდაცვის უწყება ცნობას კვლავ საპასუხო განცხადებით გამეოხმაურა და ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

აქამდე შეტაკებების ცნობა გასულ დღეებშიც გავრცელდა.


ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.

კომენტარები