ბათუმი

სკოლაში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა გააკრეს – სამინისტრომ დირექტორი გაათავისუფლა

TV 25

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ქონიაძე გაათავისუფლეს - მიზეზი სკოლის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშის გაკვრაა. 

გუშინ, 29 სექტემბერს TV 25-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლაში ქვეყნების დროშებთან ერთად გაკრული იყო ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა, რომელიც მოსწავლემ ჩამოხია. მედიის ცნობითვე, მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს და შენიშვნა მისცეს. 

სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, მას დროშა არ შეუნიშნავს, მოსწავლეს კი შენიშვნა სკოლის ნივთის დაზიანების გამო მისცეს. 

"თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ შემენიშნა, არაფერს ვიტყოდი? შენიშვნა მივეცით, რომ სკოლის ნივთი... არ იყო აქ ლაპარაკი, რომ უშუალოდ რუსეთის დროშა და რაღაც... სკოლის ნივთი რაც არის, ფასეული, ეს არ უნდა გაფუჭდეს". - ამბობს ის.  

დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მოკვლევით დაადგინეს, რომ სკოლაში, მათ შორის, სტიკერების გაკვრით საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. 

"იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას. 

სასწავლო რესურსების დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, მიუღებელია ჩვენი კონსტიტუციით, შესაბამისად, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული". - ამბობს მაია ხაჯიშვილი. 

კომენტარები