აფხაზეთი

"არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ" – არძინბა აფხაზეთიდან დევნილებზე

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის ტელეკომპანია Россия 24-თან ინტერვიუს დროს ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება იყო.

"ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ ვგეგმავთ. მსგავს აქციებს პროვოკაციად აღვიქვამთ". - თქვა არძინბამ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ქართველი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს აშშ-ს საელჩო და USAID-ი კურირებენ.

"ჩვენს საზღვართან ასეთი აქციები მშვიდობის განმტკიცებასა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველჰყოფას არ ემსახურება". - აღნიშნა მან.

ამასთან ერთად, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სახის დიალოგზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით ვითარება გაყინულ მდგომარეობაშია". - თქვა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენგურის ხიდთან აქტივისტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და მას "მორიგ პროვოკაციად" შეაფასა. 

დე ფაქტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მსგავსი ქმედებები მიმართულია სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ". 

"მიუხედავად საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სურს არსებული წინააღმდეგობები მშვიდობიანი გზით გადაჭრას, პრაქტიკაში საქართველო დგამს სხვადასხვა ნაბიჯებს, რამაც შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოების საფუძვლები ჩვენს რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა ქართველ საზოგადოებრივ აქტივისტებს აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების საკითხის გააქტიურება დაავალეს. ამერიკელი კურატორების მიერ სტიმულირებული პროვოკაციები უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია 24 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები, ასვეე ბანერი მიიტანეს, რომელსაც "აფხაზეთი საქართველოა" ეწერა და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
 

კომენტარები