ე.წ. მოსმენების კანონი

პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, 68 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამის შემდეგ, კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.


7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.

კანონპროექტი და მისი დაჩქარებულად მიღება უარყოფითად შეაფასეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც.

კომენტარები