Adjaranet

ADJARANET: ვებგვერდი ADJARANET.TO ჩვენ არ გვეკუთვნის

არალეგალური კონტენტის გამო, კომუნიკაციების კომისიის მიმართვით, პოპულარული ვებგვერდი adjaranet.com გაითიშა. საიტის გათიშვის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი adjaranet.to გაჩნდა, სადაც ფილმებისა და სერიალების ყურება ქართულადაა შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით, adjaranet.com-მა საკუთარ TikTok-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ adjaranet.to-სთან მათ კავშირი არ აქვთ და თავად არ ეკუთვნით.

"გამარჯობა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ეს საიტი, რაც გავრცელდა, adjaranet.to ჩვენ არ ვართ და სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით. ასე რომ, დროებით". - ამბობს adjaranet.com-ის წარმომადგენელი, გიორგი წერეთელი.

კომუნიკაციების კომისიამ არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ინტერნეტში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონითაა აკრძალული. კომისიის განცხადებით, ვებგვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, თითქმის ორწლიანი ვადა მისცეს, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

კომისია აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ამოცანა ინტერნეტ სივრცის არალეგალური და პირატული კონტენტისგან ისე გათავისუფლებაა, რომ მომხმარებლის ინტერესი არ დაზიანდეს.

22 აგვისტოს არალეგალური კონტენტის განთავსების მიზეზით ფილმებისა და სერიალების ორი უმსხვილესი საიტი, Adjaranet-ი და Imovies-ი გაითიშა.

კომენტარები