რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თურქეთის თავდაცვა: უკრაინის ნავსადგური მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

REUTERS/Valentyn Ogirenko

თურქეთის თავდაცვის უწყების ინფრომაციით, უკრაინის შავი ზღვის ნავსადგური, ჩერნომორსკი, მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა.

გაეროს და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინის ნავსადგურებიდან უკვე 27 ხომალდი გავიდა.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკირების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე უკრაინის მარცვლეულის გატანა შეწყდა, რამაც გააჩინა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის საშიშროება.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს. 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

კომენტარები