ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდებიან

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდებიან. ამის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა ისაუბრა.

"გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც პასუხები აქამდე ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატოზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას". - ამბობს სოზარ სუბარი.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს, დღეს, 28 ივლისს მათ ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "დამოუკიდებელ დეპუტატებად" რჩებიან. ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.   

კომენტარები