ნარკოდანაშაული

შსს: აეროპორტში დავაკავეთ პირი, რომელმაც ბრაზილიიდან 3 კგ-მდე კოკაინი შემოიტანა (VIDEO)

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ დააკავეს.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა" - აცხადებს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები