რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა BRICS-ის ჯგუფის წევრ ქვეყნებს კავშირის გაძლიერებისკენ მოუწოდა

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის ჯგუფის ქვეყნებს: ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას სანქციების ფონზე, კავშირების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

BRICS-ის სამიტის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სავაჭრო ურთიერთობებს "სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან" ამყარებს, უპირველეს ყოვლისა, BRICS-ის ქვეყნებთან.

"BRICS-ის ქვეყნებიდან ბიზნესმენებს ბიზნესის რთულ პირობებში განვითარებას აიძულებენ. დასავლური ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის, თავისუფალი ვაჭრობის ძირითად პრინციპებსა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას უგულებელყოფენ". -  თქვა პუტინმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები "რუსეთში ინდური მაღაზიების ქსელისა და ჩინური ავტომობილების რაოდენობის გაზრდის შესახებ".

ამასთან ერთად, დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა მიუხედავად, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის იმპორტის მოცულობა მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთობო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. 

ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid-ისა და ეკონომიკის შენელების გამო მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას "საზღვრები არ აქვს“.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები