ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობა

ევროკომისიამ რუსული ენერგოიმპორტისგან თავის დასაღწევად 300-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიამ ახალი 300 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგოპროგრამა წარადგინა, რომლის მიზანიც 2027 წლამდე რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაა.

ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ჩანაცვლებას ენერგეტიკული წიაღისეულის ინფრასტრუქტურაში მოკლევადიანი ინვესტიციების ჩადება დასჭირდება.

"პუტინის ომმა, როგორც ვხედავთ, ენერგეტიკული ბაზარი სერიოზულად შეარყია. რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე დამოკიდებულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევამციროთ. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგვიძლია". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ენერგიის დაზოგვა, ენერგიის განახლებად წყაროებში ინვესტიციის ჩადება და ნავთობისა და გაზის ალტერნატიული იმპორტის მოძიება.

პროგრამის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები 2030 წლამდე გამომუშავებელი ენერგიის 45%-ს განახლებადი წყაროებიდან უნდა იღებდნენ. ენერგიის ეფექტური გამოყენების მაჩვენებელი კი 13%-მდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, გეგმის მიხედვით, 2025-2029 წლამდე საჯარო და საცხოვრებელი შენობებისთვის მზის ენერგიის პანელების გამოყენება სავალდებულო გახდება.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, უკიდურესად აუცილებელია, ევროპა საკუთარი ბედის განმსაზღვრელი გახდეს. გაზარდოს მოქნილობა, დამოუკიდებლობა და გააგრძელოს მსოფლიოს ლიდერობა კლიმატის კრიზისის წინაშე". - თქვა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა.

მისი თქმით, ევროკავშირი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის მოხმარების ორი მესამედით შემცირებას გეგმავს. ამ და სხვა ეტაპობრივი ზომებით, ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას 2026 ან 2027 წელს შეძლებს.

კომენტარები