რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში 8 000-მდე ჯარისკაცს გზავნის

ფოტოგრაფი: Sharron Flyod/ Ministry of Defence/Crown Copyright/PA

აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით 8 000 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წვრთნებში, რაც ცივი ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო განლაგება იქნება. 

სამხედრო წვრთნები რამდენიმე ქვეყანაში - ფინეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე, არის დაგეგმილი. ბრიტანელ ჯარისკაცებს NATO-დან და გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ალიანსიდან, რომელშიც შედის ფინეთი და შვედეთი, ათიათასობით ჯარისკაცი შეუერთდება. 

თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, სამხედრო წვრთნები დიდი ხანია, რაც დაგეგმილი იყო, თუმცა პროცესი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. 

"ევროპის უსაფრთხოება არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ამ წვრთნებში ჩვენი ჯარები მოკავშირეებთან - NATO-სა და გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებთან, სოლიდარობისა და სიძლიერის დემონსტრირებაში გაერთიანდებიან. ეს ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთო განლაგებაა". - აღნიშნა უოლასმა. 

საველე არმიის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტმა რალფ ვუდისის თქმით, დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის დაცვასა და რუსული აგრესიის შეკავებაში

"განლაგების მასშტაბები, ბრიტანული არმიის პროფესიონალიზმთან, წვრთნასთან და სისწრაფესთან ერთად, შეაკავებს აგრესიას ისეთი მასშტაბის, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში არ გვინახავს". - აღნიშნა რალფ ვუდისმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები