საფრანგეთი

საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა – ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

BBC-ის თანახმად, ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო.

საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. 

თუ საბოლოო შედეგები ეგზიტპოლებს დაემთხვევა, მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, მაკრონი საპენსიო მინიმალური ასაკის 62 წლიდან 65 წლამდე გაზრდას გეგმავს. ეკონომიკასთან მიმართებით მისი პოლიტიკა ცენტრისტულია. მანამდე, მან აღნიშნა, რომ არ აპირებს გადასახადებისა და ქვეყნის ვალის გაზრდას.

ამასთანავე, მაკრონი აპირებს გააგრძელოს, როგორც თავად უწოდებს, ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიის" განვითარება თავდაცვის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში და შეამციროს ბლოკის დამოკიდებულება სხვა ძალებზე. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიისას მაკრონმა აშშ-ს ტექნოლოგიურ გიგანტებზე მეტი რეგულაციაა დააანონსა. მეტიც, აღნიშნა, რომ სურს Facebook-ის პირისპირ შექმნას "ევროპული მეტავერსი".

მისთვის პარიზისა და ბერლინის ურთიერთობა ევროპის მომავლის ფორმირებისთვის საკვანძო იდეად დარჩება. მისივე სიტყვებით, სწამს "ფრანკო-გერმანული ერთობის".

მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა 2019 წელს NATO-ს "ტვინით მკვდარი" ალიანსი უწოდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში, ბოლოს აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში "გააცოცხლა კავშირი". ამის მიუხედავად, მისი გეგმაა, რომ ევროპელები უსაფრთხოებისთვის აშშ-ს არმიაზე ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ.

მარინ ლე პენის ოჯახი ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების სინონიმად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც 2011 წელს მამისგან ლიდერობა გადაიბარა, ლე პენმა პარტიის რეფორმირება დაიწყო.

გამარჯვების შემთხვევაში, მას სურს, ჩაატაროს რეფერენდუმი იმიგრაციასთან დაკავშირებით, რათა ბოლო მოეღოს იმას, რასაც თავად "ანარქიულ და მასიურ იმიგრაციას" უწოდებს. იგი გეგმავს საფრანგეთში შესვლისა და მოქალაქეობის მიღების წესების გამკაცრებას.

ლე პენი არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი პარტიის მკაცრი პოლიტიკის შერბილებას ცდილობდა. 

დებატებში მაკრონის მთავარი გზავნილი ოპონენტის პუტინსა და რუსეთზე დამოკიდებულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან საჯაროდ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, დასავლელი კრიტიკოსები 2017 წელს ლე პენის მოსკოვში ვიზიტს იხსენებენ. ასევე, ლე პენის პოლიტიკური პარტია აქტიურად იყენებდა რუსულ სესხებს.

"ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება როგორც საფრანგეთი, ასევე ევროკავშირი". - ვკითხულობთ Berenberg-ის ანალიტიკოსების კვლევით ჩანაწერში. 

BBC არჩევნების მიმდინარეობისას აშუქებდა ამომრჩეველთა იმ ნაწილსაც, ვინც მხოლოდ იმის გამო აძლევდა მაკრონს ხმას, რომ ლე პენის წინააღმდეგ წასულიყო

"ჩემი ხმა მარინ ლე პენის წინააღმდეგაა, მაგრამ გაბრაზებული ვარ, რადგან არჩევანი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, ეს არის დემოკრატია". - აღნიშნა ჟურნალისტთან საუბრისას ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში მეორე ტური დღეს ჩატარდა და საბოლოო შედეგი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. 

კომენტარები