რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი მაკრონს: ჰიტლერს არავინ ელაპარაკებოდა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მუდმივი მოლაპარაკებების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, "ჰიტლერს არავინ ელაპარაკებოდა".

პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება არაერთხელ მოითხოვა. ამასთან, ოფიციალური ვარშავა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი მკვლელობების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასაც ითხოვს.

"ბატონო პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა? კრიმინალებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, საჭიროა მათთან ბრძოლა. ჰიტლერს არავინ ელაპარაკებოდა. დაიწყებდით მოლაპარაკებებს ჰიტლერთან, სტალინთან ან პოლ პოტთან?". - თქვა მორავიეცკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში კი აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, პუტინმა გაიაზროს დასავლური ქვეყნების მოთხოვნები და რუსეთის მიერ მათი [მოთხოვნების] შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახდელი ფასი.

"თავიდანვე პრეზიდენტმა გამოიყენა ყველა შესაძლო საშუალება, რათა პუტინისთვის ომის შეჩერება ეიძულებინა: მკაცრი სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და პირდაპირი მოთხოვნების წაყენება პუტინისთვის სატელეფონო საუბრების დროს". - აღნიშნულია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები