რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა სთხოვა

უკრაინელმა დიპლომატებმა ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ხელისუფლებებს რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა სთხოვა. ამის შესახებ პოლონეთში უკრაინის ელჩმა ანდრეი დეშჩიცამ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მაშინ არ იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ლოდინი, მთლიანად დაიბლოკება რუსეთში ნებისმიერი მიწოდება" - თქვა დეშჩიცამ.

25 მარტს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ევროკომისიას რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის ჩაკეტვა სთხოვა. სამინისტროს თქმით, ეს შესაძლებელს გახდის რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანის გაჩერებას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებით იყოს გამოყენებული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ისევე როგორც ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები