ეკონომიკური ზრდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 14.6%-ით გაიზარდა, იანვარში ეს მონაცემი 18% იყო, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია.

საქსტატის განმარტებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა, დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიზეზი პანდემიურ პერიოდში დაფიქსირებული შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.

რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

"წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება" - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში და მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევებია დასახელებული.

კომენტარები