რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ჯარის სრულად გაყვანის შემდეგ

Reuters

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე გარკვეული ეკონომიკური სანქციები შეიძლება მოიხსნას.

ლიზ თრასის თქმით, სანქციები იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ რუსეთი ომის დამთავრებასთან ერთად, აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ მომავალში აღარ ჩაერთვება მსგავს აგრესიულ ქმედებებში.

"ეს სანქციები შეიძლება მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის და ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულების აღებით, რომ არ იქნება შემდგომი აგრესია." - თქვა თრასმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს პრინციპულობა საბოლოო მშვიდობამდე და რუსეთს მოუწოდა, უფრო სერიოზულად მიუდგეს მოლაპარაკებებს.

გასულ კვირას ბრიტანეთმა 65 ახალი სანქცია დაუწესა რუსეთს. მათში გაერთიანდნენ რუსული ბანკები, რკინიგზისა და სამხედრო კონტრაქტორთა ვაგნერის ჯგუფი. ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან, ბრიტანეთმა სანქციები 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა.

რუბლის გაუფასურებისა და 400-ზე მეტი კომპანიის რუსული ბაზრიდან გასვლის შემდეგ, ქვეყანა ფაქტობრივად დეფოლტის ზღვარზეა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის, როგორც სახელმწიფოს "გაუქმების" მცდელობაა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები