რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Forbes: უკრაინის არმიას ახლა მეტი ტანკი აქვს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა

Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი უკრაინელების მიერ ხელში ჩაგდებულ რუსულ ტანკ T-72-ებთან

როგორც გამოცემა Forbes-ი წერს, უკრაინას ახლა იმაზე მეტი ტანკი აქვს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა. 

უკრაინამ ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ დაკარგა 74 ტანკი. ზოგიერთი მათგანი განადგურდა, ზოგიც კი რუსებმა ჩაიგდეს ხელში. 

მაგრამ, როგორც დაზვერვის ღია წყაროები, ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების ანალიზის შედეგად, იუწყებიან, უკრაინის მხარემ ხელში ჩაიგდო რუსი ოკუპანტების, მინიმუმ, 117 ტანკი. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ნაალაფარი ჯავშანტექნიკის რიცხვის გათვალისწინებით, უკრაინას შესაძლოა იმაზე მეტი ტანკი ჰქონდეს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა. 

რუსეთმა ხელში ჩაიგდო, მინიმუმ, 34 უკრაინული ტანკი, რაც მათ სატანკო დანაკარგებს, რაც დაახლოებით 274 არის, ვერ ანაზღაურებს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის მიერ ამდენი რუსული ტანკის ხელში ჩაგდება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი არ იყო საკმარისად მზად იმისთვის, რომ მსგავსი მასშტაბის ოპერაციები მოტივირებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ჩაეტარებინა. ასევე, ხაზგასმულია ისიც, თუ რა უპირატესობა აქვს თავდამცველს თავდამსხმელთან შედარებით. 

რუსეთი უკრაინაში ჯარებს კილოემტრების დაშორებით გზავნის ისე, რომ მათი მომარაგების ხაზები არაა კარგად დაცული. შესაბამისად, წინა ხაზზე მყოფებს ექმნებათ ტყვია-წამლისა და საწვავის გამოლევის საფრთხე. უკრაინელებმა მრავალი რუსული ტანკი სწორედ ასე ჩაიგდეს ხელში – ისინი შუა გზებზე საწვავგამოლეულები იყვნენ გაჩერებული და ეკიპაჟებიც გაქცეული იყო. საპირისპიროდ, უკრაინელთა მომარაგების ხაზები მათსავე კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები შანსია უკრაინული ტანკი საწვავის გარეშე დარჩეს. 

რთულია იმის ზუსტად თქმა, თუ ხელში ჩაგდებული რამდენი ტანკისა და სხვა ჯავშანტექნიკის გამოყენება შეეძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა მათ მიერ ხელში ჩაგდებული ტანკებიდან უმრავლესობის გამოყენება შეუძლიათ.  

უკრაინის არმიის მთავარი ტანკი არის T-64, რომელსაც რუსეთის არმიაში აღარ იყენებენ. თუმცა, უკრაინელები იყენებენ კიდევ, მინიმუმ, ორი რუსული ტანკის მოდელს – T-72-სა და T-80-ს, რომელთაც ოკუპანტებიც ხმარობენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები