რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IMF: რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალური ეკონომიკის ზრდას შეანელებს და ინფლაციას გაზრდის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით,  რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებასა და ინფლაციის გაზრდას გამოიწვევს. მათივე ცნობით, გრძელვადიან პერსპექტივაში ომმა შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, "ადამიანთა ტანჯვისა და ლტოლვილთა ისტორიული ნაკადების გარდა, ომი ზრდის საკვებსა და ენერგიაზე ფასებს, აძლიერებს ინფლაციას და შეამცირებს შემოსავლების ღირებულებას." IMF პროგნოზირებს ღრმა რეცესიას უკრაინასა და რუსეთში. ასევე, ფონდის ვარაუდით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მჭიდრო სავაჭრო და საგადასახადო სისტემა რუსეთთან, უფრო მეტად დაზარალდებიან უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციებითა და სხვა შეზღუდვებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობა პრობლემებს შეუქმნის აფრიკისა და აზიის ქვეყნებსაც. მაგალითად ენერგიისა და სურსათის მაღალი ფასები, შემცირებული ტურიზმი და კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის პრობლემა საფრთხეს უქმნის სუბსაჰარის აფრიკის ქვეყნებს, რომელებიც ხორბლის მარაგის დაახლოებით 85%-ს ყიდულობენ, აქედან მესამედს - რუსეთიდან ან უკრაინიდან.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები