რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

AFP

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ავრცელებს.

"დღეს ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის უკრენერგოს სპეციალისტების, მეცნიერების და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, მოხერხდა რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა" - თქვა გალუშენკომ.

მინისტრის თქმით, ახლა გაგრილების სისტემა კვლავ საშტატო რეჟიმში იმუშავებს სარეზერვო კვების წყაროდან. 

"ჩვენი ენერგეტიკოსები ნამდვილი გმირები არიან, მაგრამ ომის აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების გმირობით უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, გაეროს, ეუთოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახალა უკიდურესად მნიშვნელოვანია მტრის იძულება, დატოვოს ატომური ელექტროსადგური და დაწესდეს 30-კილომეტრიანი

დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ენერგეტიკის ობიექტების გარშემო" - თქვა გალუშენკომ.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი, რომელიც გაუცხოების ზონაშია განლაგებული რუსულმა სამხედრო ძალებმა აიღეს.
 
9 მარტს ჩერნობილის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა გაჩნდა. ამავე დღეს უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომური სადგური ელექტროქსელიდან გამოთიშულია და მას ენერგია არ მიეწოდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხე არსებობდა.  11 მარტს ატომურ ელექტროსადგურს დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი მიაწოდეს დიზელის ელექტროსადგურისთვის, რომელიც გადამუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოს ავარიული კვების წყაროა.
 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები