"ეს არ არის ომი, ეს გენოციდია",- ასე შეაფასა რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირველმა უკრაინელმა-ამერიკელმა დეპუტატმა, ვიქტორია სპარცმა. უკრაინაში დაბადებული რესპუბლიკელი ინდიანადან კონგრესში 2020 წელს აირჩიეს.
"ეს არ არის ომი, ეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია. მისი შემოქმედი კი ის შეშლილი კაცია, რომელიც ვერ ეგუება, რომ უკრაინელ ხალხს არ სურთ სოციალიზმი, საბჭოთა კავშირი, კომუნიზმი. მათ სურთ, იყვნენ აშშ-ს გვერდით. მათ სურთ იყვნენ თავისუფალი ადამიანები. სწადიათ დასავლეთის გვერდით დგომა. და ამას პუტინი ვერ ეგუება". - აღნიშნა სპარცმა.
კონგრესმენი ასევე შეეხო დასავლეთის ვალდებულებას, რომ დაიცვას თავისუფალი სამყარო და გააკრიტიკა ამერიკელი პრეზიდენტის "უმოქმედობა".
"ისინი ხოცავენ ადამიანებს, როგორც ცხოველებს. ეს არ არის ომი, ეს გენოციდია, რადგან ჩვენ გვყავს შეშლილი კაცი, რომელსაც სწამს, რომ მთელი სამყაროს დამონების უფლება აქვს. და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც საუბრობს, საუბრობს, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. რას ელოდება? მილიონი კაცის სიკვდილს ელოდება? ჩვენ, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერებს, მორალური ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ თავისუფლება". - თქვა კონგრესმენმა.





