რუსეთ-საქართველო

ბოკერია: 2009-ში დასავლეთის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურდა აღიარება, რომ საფრთხე არ გამქრალა

ევროპული საქართველო

"ბევრი ფაქტორი იყო" - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ TV პირველის კითხვას, რატომ არ უჯერებდა დასავლეთი საქართველოს მთავრობას 2009 წელს, როცა ამბობდა, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე ყირიმი იქნებოდა.

"საკუთარ მინუსსაც ვხედავ, რომ ვერ ვიყავით ისეთი წარმატებულები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ობიექტური რომ ვიყო, ბევრი ფაქტორი იყო.

ძალიან დიდი იყო სურვილი, სამწუხაროდ, ახლაც ვხედავთ ამის ექოს - ცივი ომის დასრულება და საბჭოთა კავშირის დანგრევა იმდენად დიდი გამარჯვება იყო თავისუფალი სამყაროსი, რომ იმის აღიარება და შეგუება, რომ საფრთხე არ გამქრალა, არ სურდა პოლიტიკურ ელიტას, დასავლეთის მნიშვნელოვან ნაწილს. ანუ თუ შანსი იყო [ერჩივნათ], რომ იქნებ ეს გაუგებრობაა, იქნებ რაღაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილი ეთნოკონფლიქტების გაგრძელებაა და არა ის, რომ პუტინს სტრატეგიულად უნდა დამხობა ჩვენი წესრიგის. ამ ცდუნებას ვერ გაუძლო.

თან რახან მხარი დაუჭირა დაგვიანებით დასავლეთმა საქართველოს და ამან ჩვენი სახელმწიფო გადაარჩინა, რახან [რუსეთმა] ვერ შეძლო ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამხობა, რაც იყო მისი ამოცანა (ეს ყველამ იცის, პირდაპირ უთხრა კონდოლიზა რაისს ლავროვმა, იქ მთავრობა ჩვენ უნდა შევცვალოთო), იმ მომენტში რახან ეს ვერ შეძლეს, დასავლეთმა ჩათვალა, რომ რუსეთმა ანგარიში გაუწია და გაჩერდა. ეს შეცდომა იყო უსერიოზულესი, შემდგომში სახელმწიფო მდივანმა კლინტონმაც აღიარა, რომ გადატვირთვა შეცდომა იყო.

გეოგრაფიასაც მნიშვნელობა აქვს, ზომას და უკვე როცა მეორე შემთხვევა იყო ყირიმში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გაძლიერდა ყველა იმ ადამიანის არგუმენტი, დასავლეთში მათ შორის, ვინც 2008 წელსაც ჩვენ გვეთანხმებოდა" - ამბობს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება კითხვას, 2012 წელს რუსეთმა შეძლო თუ არა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა.

"მე არ ვარ მომხრე და ვიცი, ზოგიერთ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ძალიან არ მოეწონება, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ საკითხის ასე დასმის, რომ 2012-ში სპეცოპერაცია ჩაატარა პუტინმა და ქართველი ხალხი არაფერ შუაში არ იყო.

პუტინი მხარს უჭერდა იმას, რაც მოხდა, მის ინტერესს ხედავდა, მაგრამ იქ არჩევანი გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ, შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ქართველ ხალხს, ბევრ პატრიოტს, ვინც გადაირჩია წინა მთავრობა ანუ მე, ჩვენი მთავრობა" - აღნიშნავს ბოკერია.

კომენტარები