დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

Bianca De Marchi/Pool/Reuters

ავსტრალიის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის თქმით, ავსტრალია დააწესებს ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვებს და  ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრზე, სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჯგუფზე.

კანბერა ეკონომიკურ სანქციებს ასევე დაუწესებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად  ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს. სანქციები შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზის და მინერალების მარაგებს. 

"უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი მზადაა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათში მოხდება". - თქვა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა. 

რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პასუხად, რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებს. ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამერიკამ სანქციები დაუწესა ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროსგანლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები