დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ტრამპი: ჩემი პრეზიდენტობის დროს პუტინი არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. განცხადებას ექსპრეზიდენტი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

"სწორი მიდგომების შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობდა უკრაინაში ასეთი მდგომარეობის შესაქმნელად. ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი რჩებოდა. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია". - წერს ტრამპი.


21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ხანგრძლივი სიტყვის ბოლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს 2008 წლის აგვისტოს ომი და მოგვიანებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება გაახსენა.

ამ განცხადებიდან მალევე პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები