დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი: მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ამ შეთანხმებების განხორციელებით, რადგან ეს კომპრომისის შედეგია". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მინსკის შეთანხმებები უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებამდე გაანადგურა.

მინსკის შეთანხმება დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის ვალდებულებს არეგულირებდა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები