უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

დიდმა ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები დაუწესა

ბორის ჯონსონი
AP

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო დიდმა ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება ბორის როტენბერგს, იგორ როტენბერგს, გენადი ტიმჩენკოს. მათი ანგარიშები დიდ ბრიტანეთში გაიყინება და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

ეკონომიკური სანქციები დაუწესდება შემდეგ ბანკებს: შავი ზღვის განვითარების და ვაჭრობის ბანკი (BSTDB), გენბანკი, ბანკი როსია, პრომსვიაზბანკი, იშბანკი.

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა სანქციების "პირველი ტრანში" წარადგინა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო. ჯონსონის თქმით, ევროპა შემდეგი ნაბიჯებისთვის უნდა მოემზადოს. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას, მას განდევნილის სტატუსი ექნება.

რუსეთის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გერმანიამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები