კრიმინალი

შსს: გურიაში დავაკავეთ ისრაელის მოქალაქე, რომელმაც კაცს სცემა, ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები