ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით. სებ-ის მიერ განაკვეთის ცვლილება უშუალოდ აისახება ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში დაწესებული 10.5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ეროვნულ ბანკს დაუწესებია.

სებ-ის შეფასებით, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. ამჟამად ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 13.9%-ს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.

კომენტარები