ფოთის სტადიონი

GMC: ფოთის სტადიონის რეაბილიტაცია ₾8.5 მილიონი დაჯდა, UEFA-მ ინფრასტრუქტურა მაინც დაიწუნა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაში დღემდე 8.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა Uefa-მ სტადიონის ინფრასტრუქტურა დაიწუნა და 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ თამაშებს ფოთში აღარ ჩაატარებს.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ მოედნის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო, თუმცა დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები მიითვისა და მათთან სახელმწიფომ სამართლებრივი დავა დაიწყო.

"2013 წელს, ფოთის მერიის მიერ სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს ნიუ კონსტრაქშენმა გაიმარჯვა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ავანსის სახლით 700,000 ლარი მისცა, მაგრამ რამდენიმე თვეში - 2014 წლის იანვარში პირობების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. Საქმე სასამართლოში წავიდა, სადაც კომპანიას სახელმწიფოს თანხების მითვისებას ედავებოდნენ და ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

Მეორე ტენდერი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და შპს ხიდმა გაიმარჯვა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შპს ხიდს ავანსად ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა და მოგვიანებით დამფუძნებელი - თეიმურაზ წივწივაძე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისების გამო დააკავეს", - წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, ამის შემდეგ ტენდერში შპს ელიტა ბურჯმა გაიმარჯვა, რომლისთვის გადასახდელ თანხად 1 860 000 მილიონი ლარი განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადების ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ვალდებულება არ აუღია კომპანიისთვის თანხის წინასწარ გადახდის, პირობები მალევე შეიცვალა და ელიტა ბურჯმა ავანსის სახით 1 750 000 ლარი მიიღო.

"2018 წლის 20 აპრილს კომპანიამ კვლავ მოითხოვა სამუშაობის დასრულების ვადის 2018 წლის 29 ივლისამდე გადავაწევა, ამის მიზეზად კი დასახელდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მიზანი ჰქონდა - ფოთის სტადიონს არა უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის შესაბამისი, არამედ მესამე კატეგორიის შესაბამისი.

2018 წლის 29 ივლისს ხელშეკრულებაში კიდევ შევიდა ცვლილება სამუშაოების დასრულების ვადის 2018 წლის 31 ოქტომბრამდე დასრულების შესახებ, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით სამუშაოები არც მაგ დროისთვის იყო დასრულებული", - წერს ორგანიზაცია.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შპს ელიტა ბურჯმა ვალდებულებები შეასრულა, ტენდერი უკვე არა ფოთის მუნიციპალიტეტმა, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომელშიც შპს მაქრო ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა და მათთვის გადასახდელ თანხად 5 300 000 მილიონი ლარი განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 8 წელია მიმდინარეობს და მასში 8.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, Uefa-მ სტადიონის ინფრასტრუქტურის შემოწმების შემდეგ, გადაწყვიტა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ თამაშები ფოთის ნაცვლად ქუთაისში ჩაატაროს.

კომენტარები