ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ მოქმედების ყველაზე დიდი რადიუსის რაკეტა გამოცადა

სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტები (IRBM) გამოცადა. ამ რადიუსის რაკეტები ჩრდილოეთ კორეას 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოუცდია. 2021 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ უკვე მეშვიდედ გამოცადა რაკეტა.

იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტამ ზღვის დონიდან 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და 30 წუთის განმავლობაში 800 კილომეტრი დაფარა. რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ რაკეტის გამოცდა დაგმეს. გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს და ქვეყნისთვის მკაცრი სანქციებიც აქვს დაწესებული. თუმცა ჩრდილოეთ კორეა სისტემატურად არღვევს აკრძალვას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით, რაკეტის ეს გამოცდა კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს ჩრდილოეთ კორეას სრულიად თქვას უარი შორი მანძილის, კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე თვითგამოცხადებულ მორატორიუმზე. მუნის თქმით, იანვარში რაკეტების გამოცდა ჰგავს 2017 წლის დაძაბულ მდგომარეობას, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და გამოცადა რაკეტები, რომელთაგან რამდენიმემ იაპონიას გადაუფრინა.

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას "დესტაბილიზაციის გამომწვევი შემდგომი მოქმედებებისგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

იანვარში ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაგრძელებისა და ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. CNN-ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა იმ პირებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამასთან და შეიარაღებულ ძალებთან. სანქცირებულთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, ოთხი კი – ჩინეთის.

კომენტარები