ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის გამო 9 ადამიანი გავაკავეთ

კადრი ვიდეოდან/შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ადამიანი დააკავეს.  

შსს-ს ცნობით, ნარკოეალიზატორების გამოსავლენად ბუპრენორფინი, ჰეროინი და მარიხუანა საკონტროლოდ შეისყიდეს და შესყიდვა ფარულად ჩაიწერეს. უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხა. 

დაკავებულების სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, შსს-მ ნივთმტკიცებად ამოიღო: ჰეროინის შემცველი 1 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა მორფინი, 5 შეკვრა ჰეროინი, 5 ცალი კონტეინერი მეტადონის სითხით, ლიზერგიდის (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კგ-მდე მარიხუანა, ამფეტამინი, ასევე, 35 გრამი პსილოცინის შემცველი სოკო

უწყების ცნობითვე, დაკავებულებს, 1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ე. ს, 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები