ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს აქციის გამო რუსეთმა საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა

ევროპული საქართველოს უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი

რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტია ევროპული საქართველოს მიერ 26 იანვარს ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა

მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა უკრაინის მხარდამჭერ აქციას "ანტირუსული" უწოდა, შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ აქციისას რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობაში ელექტროენერგია გაითიშა. მისივე თქმით, მომხდარზე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ზაიცევის თქმით:

"მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები.

მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ანალოგიური გზავნილი გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს. 

ამჟამად, სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად".

ტაბულამ რუსეთის საგარეოს მიერ გამოგზავნილი საპროტესტო ნოტის შესახებ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

26 იანვარს ევროპული საქართველომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა. შენობის კედლებზე სპეციალურად მომზადებული კლიპი გავიდა, მასზე ფრიალებდა უკრაინის დროშაც.

კომენტარები