პოლიციელების ძალადობა

შშმ ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს, მას 5-10 წლით პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ მეტროსადგურ ისანში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ ისანის შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება.

გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის აქტიური თანამშრომლობით და ჩართულობით, მალევე დადგინდა ინციდენტში მონაწილე ორივე პატრულ-ინსპექტორის ვინაობა, რის შემდეგაც გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთანავე, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ" - აცხადებს პროკურატურა.

პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა სასამართლოსგან ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

კომენტარები