დევნილები

NGO-ები დევნილის თვითმკვლელობაზე: მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია

PalitraNews

არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმი "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე ერთ-ერთი დევნილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია". – წერია განცხადებაში

განცხადების მიხედვით, სახელმწიფომ დევნილებთან სათანადო მოლაპარაკებები არ გამართა, რის გამოც ნდობის ხარისხი პროცესის მიმართ დაბალი იყო. 

"სახელმწიფოს მიერ გამართული მოლაპარაკებები დევნილებისთვის ნდობის შემქმნელი პროცესი არ იყო, რადგან ის მაღალ დონეზე არ წარიმართა და წლების განმავლობაში შექმნილი სოციალური უიმედობის ფონზე, საკმარისად დამზღვევ პირობებს არ შეიცავდა. ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალება სოციალური ფრუსტრაციის და კრიზისის ყველაზე მძიმე გამოხატულება ჩანს და ის დევნილების საკითხების მიმართ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს". – წერია განცხადებაში

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს ვალდებულებას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სანატორიუმში მაცხოვრებლების უსაფრთხოება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მოუწოდებენ მთავრობასა და შესაბამის უწყებებს: 

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევინილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
  • მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
  • პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
  • იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.


განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
 

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ფონდი “სოხუმი”
  • საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

კომენტარები