ავღანეთი

ქაბულის ევაკუაციის დროს დაკარგული ბავშვი ბაბუას დაუბრუნდა

ჰამიდ საფი, რომელმაც ორი თვის ბავშვი ქაბულის აეროპორტში იპოვა, სოჰაილ აჰმადის ბაბუას უბრუნებს
Reuters

ავღანეთში ქაბულის ევაკუაციის დროს დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა.

ქაბულზე თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 19 აგვისტოს ორი თვის სოჰაილ აჰმადი მისმა მშობლებმა ამერიკელ სამხედროს ღობეზე გადააწოდეს, რათა ბავშვი ჭყლეტისგან დაეცვათ, თუმცა როცა ოჯახი აეროპორტში შევიდა, ბავშვი ვეღარ იპოვეს.

ბავშვის მამა მირზა ალი აჰმადი აშშ-ს საელჩოს დაცვის წევრი იყო. მისი ოჯახი, ცოლი სურაია და ოთხი შვილი, აშშ იყო ევაკუირებული. თვეების განმავლობაში ოჯახმა არ იცოდა, რა ბედი ეწია ორი თვის სოჰაილს.

სოჰაილი ქაბულის აეროპორტში 29 წლის ჰამიდ საფიმ იპოვა. გამოცემა Reuters-თან საუბრისას, საფი იხსენებს, რომ მტირალი ბავშვი აეროპორტში მარტო დატოვებული იპოვა. ბავშვის მშობლების უშედეგო ძებნის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ სოჰაილ აჰმადი საკუთარი შვილივით გაეზარდა. საფის ოჯახმა ჩვილს მუჰამედ აბედი დაარქვა და ახალ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა.

დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Reuters-მა გაავრცელა. გამოცემის თანახმად, საფის მიერ ნაპოვნი ბავშვი ქაბულის აეროპორტში დაკარგულ სოჰაილ აჰმადთან მისმა მეზობლებმა დააკავშირეს.

სოჰაილის ადგილმდებარეობის გარკვევის შემდეგ ბაბუამისი, მუჰამედ ყასემ რაზავი ქაბულში ჩავიდა, რათა საფის ოჯახისთვის ბავშვის დაბრუნება ეთხოვა. თუმცა როგორ Reuters-ი წერს, თავდაპირველად ჰამიდ საფიმ ბავშვის ბაბუისთვის დაბრუნებაზე უარი თქვა და მოითხოვა, მისი ოჯახიც აშშ-ში ყოფილიყო ევაკუირებული.

შვიდკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც თალიბანიც იყო ჩართული, მხარეები ბავშვის ბაბუასთვის დაბრუნებაზე მორიგდნენ.

სოჰაილ აჰმადის მშობლები ბავშვის ბაბუასთვის დაბრუნებას ვიდეოზარით უყურებდნენ. მშობლებს იმედი აქვთ, რომ სოჰაილი აშშ-ში მალე გამომგზავრება. მისი ოჯახი ამჟამად მიჩიგანში ცხოვრობს.

კომენტარები